„GEclose2EU"-ს ფარგლებში საშობაო გამოფენა-გაყიდვა იმართება
 19 დეკემბერი 2019

17 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, „სითი მოლი - საბურთალოს" ეზოში საშობაო გამოფენა-გაყიდვა ტარდება. ყოველ დღე, 12:00 საათიდან 22:00 საათამდე საშობაო სოფელი ადგილობრივ მეწარმეებს მასპინძლობს, რომელებიც მოსულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის პროდუქციას სთავაზებენ.

საშობაო გამოფენა-გაყიდვა პროექტის „GEclose2EU" ფარგლებში იმართება, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) მიერ, სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში" პარტნიორობით. 

პროექტში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარები იღებენ მონაწილეობას. მეწარმეებს საშუალება აქვთ ბაზრობის სტუმრებს პირადად გააცნონ საკუთარი პროდუქცია და გამოფენილი ნაწარმი. საშობაო სოფელში ასევე სხვადასხვა ტიპის გასართობი აქტივობები და ღონისძიებები ტარდება. მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში, დააგემოვნონ ქართული ღვინო და გლინტვეინი, ასევე შეიძინონ ქართული პროდუქცია, ნუგბარი, ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.

პროეტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მეწარმეებს, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიას გააცნოს ადგილობრივი ნაწარმი და დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციაში.

საშობაო სოფელი ქავთარაძის N1-ში, „სითი მოლი - საბურთალოს" ეზოში 17 დეკემბერს გაიხსნება და 15 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენა-გაყიდვაში 100-ზე მეტი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.