28 თებერვალს, სასტუმრო რუმს თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით „გზამკვლევი საქართველოსა და ევროკავშირს შორის მომსახურებით ვაჭრობის სფეროში" პრეზენტაცია გაიმართა.
გზამკვლევი ექსპერტ გიორგი ჩიტაძის მიერ არის შედგენილი და მოიცავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-6 თავის (დაფუძნება, მომსახურებით ვაჭრობა და ელექტრონული კომერცია) ანალიზს. მასში წარმოდგენილია ევროკავშირის თითოეული წევრის (28 ქვეყანა) მიერ, ბაზრის ლიბერალიზაციის თაობაზე, საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების, დათქმებისა და შეზღუდვების ანალიზი შემდეგი სექტორებისათვის: არქიტექტურის, არქიტექტურული დიზაინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიზნეს საკონსულტაციო სფეროებში. გარდა აღნიშნული ანალიზისა, დოკუმენტში მოცემულია ნიდერლანდების სამეფოსა და შვედეთის სამეფოს მიერ ზემოთ მითითებულ სექტორებში საქართველოსათვის ბაზრების ლიბერალიზაციის დეტალური კვლევა.
რუმსში დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრნენ განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი და ელჩის მოადგილე ერიკ ილესი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ასევე 100-ზე მეტი ის ორგანიზაცია, რომლისთვისაც თემატური და მნიშვნელოვანია მსგავსი გზამკვლევის გამოყენება.
„პროექტი GEClose2EU საშუალებას აძლევს ქართულ ბიზნესს უკეთ გაეცნოს ევროკავშირის ბაზარს, მის რეგულაციებს და ბიზნეს კულტურას, გაიგოს რა არის მოთხოვნადი ევროკავშირის ბაზრებზე, რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემს ქართულ ბიზნესს შეიმუშაოს საკუთარი ბიზნეს მოდელი და შევიდეს ევროკავშირის ბაზარზე. როდესაც ვსაუბრობთ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის ბაზარზე არსებული ქვეყნების ბაზრებზე, თუ როგორ არის ადაპტირებული შვედეთი ევროკავშირის ბაზარზე სამუშაოდ. ჩვენ ვართ ექსპორტზე დამოკიდებული ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ევროკავშირის წევრობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვფიქრობ იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზე, ქართული ბიზნესების განათლება ხელს შეუწყობს ასევე ქართული ბაზრის დივერსიფიკაციას." - განაცხადა, ერიკ ილესმა, განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა/ელჩის მოადგილემ.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის თქმით ქართული ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის პროცესში, სწორედ განათლება წარმოადგენს მთავარ გამოწვევას. „ვინაიდან ქართული ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის პროცესში განათლება მთავარ გამოწვევას და ძირითადი პრობლემას წარმოადგენს, პროექტის ფარგლებში შერჩეული 100 კომპანიისათვის, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება და მასტერკლასები ტარდება, ხოლო პროექტის ბენეფიციარი 100 კომპანიიდან 60 შერჩეული ორგანიზაცია სასწავლო კურსს შვედეთში გადის."
ღონისძიების ფარგლებში, გზამკვლევის წარდგენის პარალელურად პროექტის GEclose2EU შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია მოეწყო, მოწვეულმა სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ.