❝ როგორც დაგეგმილი გვქონდა, შეხვედრები გავმართეთ სტოკჰოლმსში, მალმეში და ტალინში. შვედეთში შევხვდით სტოკჰოლმის და მალმეს კრეატიული სექტორის ბიზნეს აქსელერატორებს, ესტონეთში ტალინის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენლებს. მცირე დროით მოვინახულეთ IKEA-ს დიზაინ ლაბი კოპენჰაგენში, დანიაში. ჩვენი მიზანი იყო, გავცნობოდით კრეატიულ ინდუსტრიაში ტექნოლოგიების გამოყენებით ინოვაციური პროდუქტების შექმნის პრაქტიკას და დაგვემყარებინა საქმიანი ურთიერთობები.❞ შოთა მურცხვალაძე კომპანია მაინდვორქსის | Mindworks მმართველი პარტნიორი.
პროექტის, GEclose2EU მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანია მაინდვორქსის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სტოკჰოლმსში, მალმეში და ტალინში, კერძოდ:
➥ კომპანიის წარმომადგენლები სტოკჰოლმში ესტუმრნენ კრეატიული სფეროს ინკუბატორს Klump Subtopia-ს და შეხვდნენ მის მენეჯერს მარტინ ლარსონს, რომელიც ხელმძღვანელობს შვედეთის კრეატიული ლაბორატორიის ასოციაციას;
➥ გამართეს სამუშაო ვახშამი ორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან, სადაც შეხვდნენ ემილი იოჰანსონს, რომელიც კრეატიული ლაბორატორია SITE-ის ოპერაციების მენეჯერია. SITE არის შემოქმედებითი ჰაბი და სამუშაო სივრცე საშემსრულებლო ხელოვნების პროფესიონალებისთვის.
➥ ასევე შეხვედრა გაიმართა თომას არკთედიუსთან, რომელიც სტოკჰოლმის სამეფო მუსიკალური კოლეჯის ანტრეპრენერშიპის პროფესორია;
➥ ვიზიტის ფარგლებში კომპანიამ გამართა შეხვედრა კოპენჰაგენში არსებულ კვლევით და დიზაინ ლაბში SPACE10 რომელიც ცნობილი შვედური კომპანიის IKEA მიერ ფინანსდება. ხოლო ესტონეთში, ესტუმრნენ ტალინის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ცენტრს და შეხვდნენ მის დამფუძნებელს და უნივერსიტეტის პროფესორს მარტ ლაანპერესს.