ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალის მქონე დარგები
 10 აპრილი 2020

პროექტის "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GeClose2EU) ფარგლებში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა დარგები, რომლებსაც განვითარების, ადგილობრივ და საექსპორტო ბაზარზე ზრდის პოტენციალი აქვს. პროექტი ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიერ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და, პერსპეტივაში, შერჩეული ორი დარგის ტექნიკურ დახმარებასაც  ითვალისწინებს. 

17 სასაქონლო ჯგუფისა და 46 დარგის ანალიზის შედეგად, (რომელთა შორის არ შედიოდა მომსახურების დარგები, რადგან ისინი უკვე განსაზღვრულია პროექტის GeClose2EU სამიზნედ), გამოიკვეთა შემდეგი 5 პერსპექტიული დარგი და 2 ქვედარგი:

 1. ტანსაცმლის წარმოება;  2. ფეხსაცმლის წარმოება; 3. ტყავისა და მასთან დაკავშირებული საქონლის წარმოება; 4. ხის და კორპის წაროება, ნაკეთობების წარმოება ჩაის და წნული მასალებისგან; 5. ავეჯის წარმოება.

აღნიშნული დარგებიდან შესაძლო დანახარჯისა და პოტენციალის ურთიერთმიმართებით პერსპექტიულ ქვედარგებად კვლევაში გამოყოფილია საბავშვო ტანსაცმლის წარმოება (ტანსაცმლის წარმოების ქვედარგი) და სათამაშოების წარმოება (უპირატესად ხის სათამაშოების, როგორც ხის ნაკეთობების ქვედარგის, თუმცა იგი მთლიანად სათამაშებსაც მოიცავს).

დოკუმენტი მომზადდა საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის (ITC), ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO),  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინფორმაციისა და მეთოდოლოგიის გამოყენებითა, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ინფორმაციაზე დაყრდნობით. კვლევაში გამოყენებულია კრიზისამდე არსებული სტატისტიკური მონაცემები.

საინტერესოა, რომ ჩამოთვლილი დარგები - შესაბამისად ტექსტილთან, სოფლის მეურნეობასთან, ხე-ტყის დამუშავებასთან, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ინდუსტრიასთან ერთად, ქმნიან კლასტერებს, რაც სამომავლოდ ყველა დარგის მეტ-ნაკლები განვითარების იმედს იძლევა. კვლევის თანახმად, საქართველოში ამჟამად ეს კლასტერები ჩანასახოვან მდგომარეობაშია და სწორი განვითარებისა და სახარბიელო ეკონომიკური კონიუნქტურის პირობებში, განვითარების კარგი პოტენციალი გააჩნიათ; მათ შორის პოსტ-კრიზისულ (პანდემიის შემდგომ) პერიოდში, როცა საქართველოს და მსოფლიოს ტრადიციულ ეკონომიკურ სტრუქტურას ცვლილება ელის.  

 

დოკუმენტი სრულად იხილეთ აქ.