15 თებერვალს, სასტუმრო თბილისი რუმსში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, პროექტის "ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU) პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიება შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში - ულრიკ ტიდესტრომმა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორმა - ნინო ევგენიძემ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა - მიხეილ ხიდურელმა გახსნეს.
„დღეს მნიშვნელოვანი პროგრამის პრეზენტაცია შედგა. ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას საქართველოში. მისი მიზანია ბიზნესის წახალისება და იმ ახალი სექტორების გამოვლენა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს ", - აღნიშნა ულრიკ ტიდესტრომმა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის განცხადებით, პროექტი, რომელიც 3 წელი გაგრძელდება, მოიცავს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების ინტერნაციონალიზაციას, რაც მათ საერთაშორისო ბაზრებზე გაყვანას და მათი ცნობადობის გაზრდასაც გულისხმობს.
„ჩვენი დახმარება ითვალისწინებს როგორც ცოდნის, ისე ფინანსური სახსრების მიწოდებას და ტექნიკურ დახმარებას, რაც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის გამოცხადებულ ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა, შექმნან ერთობლივი საწარმოები თავის ევროპელ პარტნიორებთან, და ამის შედეგად, ქვეყანამ უფრო მეტი შესაძლებლობა და სარგებელი მიიღოს",- აღნიშნავს ნინო ევგენიძე.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პროექტზე საუბრისას განაცხადა: „ძალიან სიმბოლურია ზოგადად სახელი პროექტის - ევროკავშირთან უფრო დაახლოებული საქართველო, რაც არის არა მარტო ჩვენი სააგენტოს, არამედ მთელი ქვეყნის მისწრაფება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება შვედეთის საელჩოსთან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად, მოიტანს ხელშესახებ შედეგებს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში."
ღონისძიებას საქართველოში მოქმედი 100-ზე მეტი ბიზნეს კომპანია, ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.