GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის გამოცხადდა
 13 მაისი 2019

1 მაისს, სასტუმრო თბილისი რუმსში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს" ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე გამოცხადდა პროექტის GEclose2EU ფარგლებში დაგეგმილი კონკურსი ბიზნესისთვის. შეხვედრაზე მოწვეული სტუმრები გაეცნენ ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებისა და პირობების, იმ აქტივობებისა და საგრანტო კომპონენტის დეტალების შესახებ, რომელზე წვდომაც კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს ექნებათ.ღონისძიებაზე მოწეყო ახალი ვებ პლატფორმის www.geclose2eu.info პრეზენტაციაც. ვებ-გვერდის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელია ონლაინ-რეგისტრაციის გავლა, დაინტერესებულ პირებს აქვე შეუძლიათ გაეცნონ პროექტის სიახლეებს. 
კონკურსში ჩართვა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა ან ინტერიერის დიზაინის-არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ და აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს. 
„გამარჯვებულ ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ მიიღონ ტექნიკური დახმარება, ჩაერთონ სხვადასხვა სასწავლო ტურებში და აიმაღლონ კვალიფიკაცია. სწორედ ასეთი სერვისების ინტერნაციონალიზაცია და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა არის მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკური გაძლიერებისა და წინსვლისთვის," - აღნიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პროექტზე საუბრისას განაცხადა: „ახალ პროექტში, რომელსაც შვედეთის მთავრობასთან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად ვახორციელებთ, გამოკვეთილია ინტელექტუალური სერვისები, რომელთა წახალისებაც იგეგმება. კომპანიები, რომლებიც გახდებიან პროექტის ბენეფიციარები, შეძლებენ გააძლიერონ საკუთარი რესურსები. ეს კი დაეხმარება ქართულ ორგანიზაციებს თავი დაიმკვიდრონ ევროპულ ბაზარზე."

ღონისძიებას შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი მოლი ლიენიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის განვითარებას და ევროპულ ბაზარზე გასვლას, რაც ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. 
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლები. 
ინფორმაციის მიღება კონკურსის შესახებ შესაძლებელია ვებ გვერდზე: www.geclose2eu.info. განაცხადების მიღება 1 მაისს დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდება.